X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

18 მარტი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორს, ევგენი ჟუკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის დაფინანსებით და მხარდაჭერით ხორციელდება, როგორც  საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებისა და  მუნიციპალური განვითარების სფეროში.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები მზია გიორგობიანი, კობა გაბუნია, საქვეუწყებო სამსახურების ხელმძღვანელები, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი შეინ როზენტალი და საქართველოს მისიის წარმომადგენლები.

შეხვედრის შემდეგ ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს  მნიშვნელოვანი პარტნიორია  და ფაქტობრივად ყველა მიმართულებით არის  ჩართული  მასშტაბურ პროექტებში.

,,რიკოთის მონაკვეთი, ქვეშეთი-კობის პროექტი, წყალმომარაგების პროექტები, ურბანული განახლება, მათ შორის ბაღების, სპორტ-კომპლექსების მშენებლობა. დაახლოებით 4 მილიარდ ლარამდე არის ის პორტფელი, რომლითაც  აზიის განვითარების ბანკი  გვეხმარება. შეხვედრაზე განვიხილეთ აღნიშნული პროექტების პროგრესი და ვიმსჯელეთ იმ მომავალ შესაძლებლობებზე, რომელსაც  ერთად ვქმნით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მოლოდინი გვაქვს, რომ წლევანდელი წელი, ისევე როგორც მომდევნო წლები მნიშვნელოვანი პროექტების  ექსპლუატაციაში შესვლით დაგვირგვინდება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. ADB-ის  მიერ დაფინანსებული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული  პროექტების ჯამური ღირებულება 3 მილიარდ 861 მილიონ ლარზე მეტია.

,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან ეს ის სამინისტროა, რომელიც პასუხიმგებელია საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების 95%-ის აღსრულებაზე. ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მის გუნდთან შეხვედრისას განვიხილეთ პროექტების მიმდინარეობა. მოხარულები ვართ, რომ კარგი პროგრესი გვაქვს და მიუხედავად 2020-21 წლებში არსებული კოვიდ სიტუაციისა,  ვახერხებთ დასახული მიზნების მიღწევას. ჩვენი პროექტების უმეტესობა მიმდინარეობს გეგმაზომიერად და რამდენიმე მათგანს მოვინახულებთ კიდეც“-განაცხადა  აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორმა.  

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს  საავტომობილო გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი რიკოთის უღელტეხილის ხევი-უბისას და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთების,  ბათუმის შემოვლითი მაგისტრალური გზის, ქვეშეთი-კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის, წნორის შემოვლითი გზის, ფოთის ხიდის და მისასვლელი გზის მშენებლობა.

დიდია ბანკის მხარდაჭერა ქვეყანაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაში. მათ შორისაა, თელავის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების კომპანიის ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა.

ADB-ის მხარდაჭერით შენდება ქუთაისის ოლიმპიური აუზი, ზუგდიდის, რუსთავისა და ახალციხის სპორტული კომპლექსები. მიმდინარეობს 20 საბავშვო ბაღის მშენებლობა ქუთაისში, ფოთში, სენაკში, სუფსაში, რუხში, ძველ ანაგაში, ვარდისუბანში, წინწყაროში და სხვა სოფლებსა თუ ქალაქებში. ახლახან კი, დაიწყო კახეთში, ველისციხის სრული ურბანული განახლების პროექტის განხორციელება.   

წლების განმავლობაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა: ზუგდიდის, ურეკის, წყალმომარაგების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, ქუთაისისა და ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ბათუმის ნაპირდაცვისა და მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა და სხვა.